დევიდ გრიფიტი

მსოფლიო კინოხელოვნების მამად აღიარებული გრიფიტი დაიბადა 1875 წელს, კენტუკის შტატში.  ასე ვთქვათ, კინოხელოვნების ანბანი, მსოფლიოს კინოს მუშაკთათვის სწორედ დეივიდ გრიფიტის შემოქმდებიდან იწყება, ვინაიდან მან პირველმა გამოიყენა მსხვილი პლანი, პარალელური მონტაჟი, საგნები დააპირისპირა ერთმანეთთან და შემოიტანა კინოგანათება. სხვა რამდენიმე ტექნიკურ ხერხთან ერთად, აგრეთვე, მოძრავი კამერის არსებობა დაამკვიდრა და ამით კადრის სტატიკურობა დაამსხვრია. ეს ყველაფერი კინოს, როგორც ხელოვნების, განუყოფელი ნაწილი გახდა. მან  გადაიღო 200-მდე ვრცელი და 450-მდე მოკლემეტრაჟიანი ფილმი. გრიფიტი მუშაობდა სტუდია “ბაიოგრაფში”, სადაც მიახლოვებული კადრის ფუნქციას ჩაუყარა საფუძველი, ამ ფუნქციას დაევალა, გადმოსცეს ემოცია და სწორედ ეს იქცა ნამდვილი კინოს დასაწყისად.  მან, როგორც რეჟისორმა, პირველმა დასვა საკითხი და გამიჯნა ერთმანეთისგან თამაში სცენაზე და თამაში კინოკამერის წინ, ანუ გრიფიტმა პირველმა გაწყვიტა მაერთიანებელი ჯაჭვი თეატრთან და კინო-სამსახიობო ოსტატობა მოითხოვა. მას მსახიობებისგან სურდა სხეულის სრული, ზედმიწევნითი ფლობა, ისეთი პლასტიკის ქონა, რომ საჭიროების შემთხევაში, აზვირთებულ ოკეანეში მცურავი გემის კიჩოზე შესძლებოდათ ცეკვა და ეს იყო, ალბათ, შესაძლებლობების პიკი, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, გრიფიტი ასწავლიდა, როგორ ეთამაშათ გრძნობით, ემოციით, კამერის წინ. ხასიათებისა და პერსონაჟთა სულიერი სამყაროს გახსნის  გზით გადმოეცათ ტკივილი, მწუხარება ისე, რომ სახეზე გამომეტყველების ასახვა მექანიკური, ყალბი ქმედება კი არ ყოფილიყო, არამედ უკანასკნელი ეტაპი, რომელშიც გმირის მთელი ემოციური ხაზი უნდა გამოვლენილიყო. ამიტომაც გრიფიტისეულმა სკოლამ  შეძლო და, არამარტო როგორც კინოს ტექნიკურმა განმვითარებელმა დაიმკვიდრა სახელი, არამედ, როგორც კინოს შინაარსობრივმა შემქმნელმა.

გრიფიტის შემოქმედებაში უშუალოდ აისახება ის თემები, რომლებიც პირადად მას აწუხებდა. ესეც ერთგვარი სიახლეა, თუ მანამდე კინოს, როგორც გართობითი ხასიათის მოვლენად, ერთგვარ ატრაქციონად აღიქვამდნენ, გრიფიტმა საზოგადოებისთვის პრობლემური, სოციალური თემატიკა შემოიტანა და ხმამაღლა დაიწყო გაცხადება საზოგადოების და ოჯახის მორალური დაშლის, სოციალური   უთანასწორობის და ეროვნული ჩაგვრის შესახებ.

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფილმად მიიჩნევა 1915 წელს გადაღებული „ერის დაბადება”, მასში გაშლილია სამოქალაქო ომის პერიოდის ორი ოჯახის ცხოვრება, რომლებიც დაპირისპირებულ მხარეებში ცხოვრობენ. მართალია, ფილმის იდეოლოგიური მხარის გამო ატყდა სერიოზული სკანდალი და გრიფიტის, როგორც რასისიტის, წინააღმდეგ გამოსვლები ეწყობოდა, მაგრამ ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო ფილმის პოპულარიზაციას და გრიფიტს სერიოზული შემოსავალი მოუტანა. ფილმის უპირველეს ღირსებად მიიჩნევა სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალების გამოყენება: რბილფოკუსიანი გადაღება, შენელებული კადრები და, რა თქმა უნდა, ყველაზე შთამბეჭდავი პარალელური მონტაჟი, დაძაბული მომენტში კადრთა მონაცვლეობა და კვანძის გახსნა, შველა უკანასკნელ წუთში.

თუმცა, გრიფიტიმ ყველაზე დიდი ენერგია, მონდომება და ფული ჩადო ფილმ „შეუწყნარებლობაში”, სადაც სხვადასხვა დროის ოთხი ამბავი უკავშირდება ერთმანეთს. შეუწყნარებლობით გამოწვეული სამი ყველაზე დიდი დანაშაული კაცობრიობის ისტორიაში: მეფე ბალთაზარი, ქრისტე და  ბართლომეს ღამე, ამას ემატება კიდევ ერთი ამერიკული ისტორია, თანამედროვე ცხოვრებიდან უდანაშაულო კაცის გაწირვის შესახებ. ფილმში გატარებულია შეუწყნარებლობის, როგორც სადემარკაციო ხაზის, იდეა სიყვარულსა და სიძულვილს, ძალადობასა და სამართლიანობას, ერთგულებასა და ღალატს შორის.  გრიფიტი იყენებს ყველა მხატვრულ ხერხს და შედეგის მისაღწევად არ ზოგავს არც უზარმაზარი დეკორაციების თანხას, რომელმაც იგი გააკოტრა, თუმცა, მისმა თანამედროვეებმა ფილმი მაინც ვერ გაიგეს. ამ ყველაფერმა მასზე დიდი გავლენა იქონია, მაგრამ ამბობდა, რომ ეს იყო ერთადერთი ფილმი, რომელიც მომავალი თაობისთვის და საკუთარი სიამოვნებისთვის გადაიღო ისე, რომ მის შემოსავლიანობაზე არც უფიქრია.

გრიფიტმა კიდევ უფრო მოგვიანებით, 1919 წელს, გადაიღო ფილმი „გატეხილი ყლორტები”. ეს ფილმი მიჩნეულია მისი შემოქმედების მწვერვალად, უნაკლოდ და ერთადერთ ფილმად, ჩავარდნების გარეშე, რომლამდეც მთელი ცხოვრება მიდიოდა და რომლის შემდეგაც დეკადანსი იწყება.  ისე, როგორც ყველა ჭეშმარიტი შემოქმედის ცხოვრებაში, მის შემოქმედებაშიც დადგა კრიზისი, იგი თავისდაუნებურად იმეორებდა იმას, რითაც მიაღწია წარმატებებს.

მარიტა სახლთხუციშვილი

დატოვე კომენტარი